ბავშვების სასაკლაო…


craing-baby-300x223

მე, გიორგი კეთილაძე, პატარა ნიკოლოზის მამა მოგმართავთ ყველა მშობელს!!! თუ თქვენი პატარის ბედი გაღელვებთ, მოერიდეთ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, რეანიმაციის განყოფილებაში ბავშვების მოთავსებას, სადაც პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მძიმდება და შესაძლოა, ყველაფერი ფატალურადაც დამთავრდეს.

ამ განყოფილებაში პერსონალის დიდ ნაწილს საერთოდ არ ანაღვლებს თქვენი პატარების ბედი.

დიდი ეჭვი მაქვს, რომ სადაზღვეო კომპანიებიდან ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელოვნურად მძიმდება: არასაჭიროებისამებრ აერთებენ მართვითი სუნთქვის აპარატზე, რითაც აუარესებენ ბავშვების მდგომარეობას.

ჩემი პატარა ნიკუშა კლინიკაში მიყვანისთანავე მოათავსეს კრიტიკულ განყოფილებაში (რეანიმაციაში). დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ანთება. მკურნალ ექიმს ავუხსენი, რომ ბავშვი იყო ძალიან მგრძნობიარე, ვერ სძლებდა უდედოდ და ვთხოვე, მიეცათ დედისთვის მისი ხშირი ნახვის საშუალება. ეს თხოვნა განპირობებული იყო არა იმით, რომ როგორც ზოგადად ყველა მშობელს, გვინდოდა ჩვენს შვილთან ყოფნა, არამედ იმით, რომ ვიცოდით, უჩვენოდ ყოფნის შემთხვევაში ბავშვი ფსიქოლოგიურ სტრესს მიიღებდა და ბრძოლისუნარიანობას დაკარგავდა. ამის მაგალითი ადრე უკვე გვქონდა.

ექიმი დაგვპირდა, რომ დედას მისცემდა საშუალებას, ხშირად მოენახულებინა ნიკუშა. დაპირება დაპირებად დარჩა: 24 საათის განმავლობაში უფლება გვქონდა მხოლოდ 2 – 3 წუთით გვენახა ბავშვი. ამის გარდა, შვილის მდგომარეობის გასაგებად შეგვეძლო კიდევ მხოლოდ ერთხელ ამ 24 საათში დავლაპარაკებოდით ექიმს. როდესაც ვთხოვეთ, ტელეფონის ნომერი მაინც მოეცა, რათა პერიოდულად ნიკუშას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგვეგო – მან გვითხრა, რომ არ ჰქონდა ამის უფლება. იმ დროსაც, როდესაც შეგვეძლო ექიმს გავსაუბრებოდით – იგი ძალიან ზოგადი ფრაზებით: ბავშვი სტაბილურადაა, – ცდილობდა თავიდან მოვეცილებინეთ. ასე ხდებოდა ყველა სხვა პაციენტების მშობლებთანაც …

ბავშვის საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, როდესაც შევძელით მისი მონახულება, ნიკუშა ტიროდა და წრიალებდა. იმის გამო რომ ამ წრიალში ბავშვს კათეტერი არ მოეძრო, – იგი იყო დაბმულ მდგომარეობაში. როგორც კი იგრძნო დედის გვერდით დგომა, – ნიკუშა დამშვიდდა და დედას გაუცინა. ექთანმა აღნიშნა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ბავშვს ვერ აწყნარებდნენ და თუ ასე მოქმედებდა დედის დანახვა, ხომ არ სჯობდა მისი პალატაში დედასთან ერთად მოთავსება. დედამისის შემდეგ მეც ვინახულე 1 – 2 წუთით ნიკუშა, – ისევ წრიალებდა და ტიროდა.

საღამოს ექიმი გამოდის ჩვენთან სალაპარაკოდ და გვიხსნის, რომ ბავშვი აპარატზე უნდა შეაერთონ. დედის შეკამათების შემდეგ გვითხრა, რომ სხვანაირად ვერ უმკურნალებდა (აპარატზე შეერთების შემთხვევაში ბავშვებს ფსიქოტროპული წამლებით თიშავენ და აღარ წუხდებიან ბავშვის ტირილით).

ერთი წლით ადრე ნიკუშა ბევრად მძიმე მდგომარეობით (ორივე ფილტვის ტოტალური დაჩრდილვა) გვეწვინა თემქის ბავშვთა მე–3 საავადმყოფოში, სადაც მთელი რეანიმაციის განყოფილება – განყოფილების უფროსი ბატონი ბესო მაჭარაშვილით დაწყებული და ექთნებით დამთავრებული, – ღამეებს ათენებდნენ ჩვენთან ერთად, იბრძოდნენ ნიკუშას გადარჩენისთვის და აპარატზე შეერთებას გაურბოდნენ. მკურნალი ექიმის პაატა ნემსაძის განმარტებით, – აპარატზე შეერთებისას ავადმყოფის იმუნიტეტი სუსტდება… იგი აღნიშნავდა, რომ აპარატზე შეაერთებდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სხვა გზა აღარ დარჩებოდა. განყოფილების გამგე და მკურნალი ექიმი არასამუშაო საათებშიც თავზე ედგნენ ნიკუშას. ექთნებს რამოდენიმე ღამის განმავლობაში ხელით ეჭირათ ჟანგბადის მილი, რომ ნიკუშასთვის სუნთქვა გაეადვილებინათ. ამ მაგალითის მერე ჟვანიას კლინიკაში გამეფებული ექიმისთვის შეუფერებელი გულგრილობა, ინდიფერენტულობა, უგულისყურობა და ზერელე დამოკიდებულება პაციენტისადმი ჩვენთვის შოკის მომგვრელი იყო…

მესამე დღეს ბავშვს კისერზე ნაწოლი გაუჩნდა. როცა ექიმს ვკითხე მიზეზი, თან დავამატე, რომ ნაწოლების გაჩენის თავიდან არიდება შეიძლება უბრალოდ ავადმყოფის გვერდის შენაცვლებით, ან პერიოდულად უბრალო ხელით მასაჟით, რათა სისხლი ამოძრავდეს, გვიპასუხა, რომ ამდენი დრო სად აქვთ… თუ დრო არ აქვთ კლინიკაში იმისთვის, რომ პაციენტს სათანადო ყურადღება მიაქციონ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი: ან გაზარდონ პერსონალი, ან დაუშვან პატარა ავადმყოფებთან დედა და ის არც მასაჟს მოაკლებს და არც დაამადლის ამას, ან იმდენ პაციენტს მოემსახურონ რამდენსაც სათანადოდ მიხედავენ და არ დახარბდნენ შემოსავალს… სხვათა შორის, საავადმყოფოში მოხვედრის დღეს გავიგეთ სხვა მშობლებისგან, რომ კლინიკაში „მიღებულია“ ტკბილეულის შეწოდება მედპერსონალისათვის, რათა უფრო „ტკბილად“ მოექცნენ პაციენტებს. როდესაც ბავშვის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, ანერვიულებულებს დაგვავიწყდა შოკოლადის მიტანა. ჰმ, შეიძლება დამთხვევაცაა, – მაგრამ სწორედ იმ დღეს დღის ექთანი განსაკუთრებით ცივად და უხეშად გველაპარაკა…

მეოთხე დღეს ბავშვის მონახულებისას ვნახეთ, რომ ბავშვი იყო საშინლად დასიებული და ტანზე სისხლჩაქცევები ჰქონდა. როცა მიზეზი მორიგე ექიმს (სახელად ნინოს, სამწუხაროდ გვარი არ ვიცით) ვკითხეთ, პასუხმა შოკში ჩაგვაგდო: მე ასე გადმომაბარეს და მე რა ვიციო (ექიმი ავადმყოფს იბარებს ისე, რომ არ ინტერესდება მისი მდგომარეობით).

შემდეგ, როცა მკურნალ ექიმს დაველაპარაკეთ მან „დაგვამშვიდა“: ბავშვი სტაბილურადაა, ეს გასიება და სისხლჩაქცევები მეოთხეხარისხოვანია და ყურადღებას ნუ მიაქცევთო. (შემდეგ გავიგეთ, რომ ასეთი დასიება უკვე სეფსისის მიმდინარეობის ნიშანია). მეხუთე დღეს ბავშვი რომ ვნახე, ისევ დასიებული იყო. სისხლჩაქცევები არ მანახეს: როცა მოვინდომე ზეწრის გადახდა და ნახვა, ექიმმა ამიკრძალა: ნუ ეხები, რამე ვირუსი არ გადასდოო. ნიკუშას ტუჩები დახეთქილი ჰქონდა და დასისხლიანებული, ენა გამომშრალი. ექთან ლამარა მინაძეს მორიდებით ვთხოვე, იქნებ წყლით ან რამით დაუსველოთ, ცოდვაა მეთქი. პასუხი იყო ძალიან ცივი და უხეში: „რაც საჭიროა, ყველაფერი უკეთდება…“

ექიმს კიდევ გავუმეორეთ რამდენჯერმე, რომ ნიკუშას გასიება და სისხლჩაქცევები ძალიან გვაშინებდა. პასუხი იგივე იყო: ეს მეოთხეხარისხოვანიაო…

მეექვსე დღეს ნიკუშა ამ „მეოთხეხარისხოვანი“ სეფსისით დაიღუპა…

აი, ასეთი „კვალიფიციური“ მედ პერსონალი მუშაობს ჟვანიას კლინიკაში, ექიმის ეთიკაზე რომ არაფერი ვთქვა, ადამიანურობა და გულისხმიერებაც არ გააჩნიათ. ბავშვის დაღუპვა რომ მითხრეს, დაამატეს სასახლე თუ არ გაქვთ „კარდონის“ ყუთში ჩაგიდებთო, – (თითქოს სასახლე მზად უნდა მქონოდა …. ეტყობა მიაჩნიათ, რომ როცა ბავშვს მათთან კლინიკაში ათავსებ, – პარალელურად სასახლეც უნდა დაამზადებინო).

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სანამ ნიკუშას გამომატანდნენ, მკითხეს ბავშვის გაკვეთა ხომ არ გინდათო. უარი ვუთხარი. მაშინ ფურცელზე ხელი მომიწერეთო, მოვაწერე. მხოლოდ მერე ვნახე, რომ გაკვეთაზე უარის გარდა ხელი მომაწერინეს იმაზე, რომ მედპერსონალის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნდა.

ნიკუშას გარდაცვალებიდან მესამე დღეს იგივე განყოფილებაში დაიღუპა 8 თვის თეკლა (სხვათაშორის პატარა თეკლას მკურნალი ექიმიც დოდო გველესიანი იყო), რომელიც ბრონქების ანთებით იყო კლინიკაში მოთავსებული. მის მშობლებს გავესაუბრეთ და მათგან გავიგეთ, რომ კლინიკაში ჩვენი პატარების გარდა, შვიდი დღის განმავლობაში კიდევ ორი პატარა დაღუპულა…

მივმართავ ჟვანიას კლინიკის დირექციას: საავადმყოფოზე განთავსებული აბრა, სადაც წერია „გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიის აკადემიური კლინიკა“, ჩამოხსნან და მის მაგივრად დაკიდონ აბრა, სადაც დაწერილი იქნება – „ბავშვების სასაკლაო“…

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ნიკოლოზ კეთილაძის გარდაცვალების ფაქტს სწავლობს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ხატია თედიაშვილის განცხადებას სწავლობს. საქმე ეხება მცირეწლოვანი ბავშვის ნიკოლოზ კეთილაძის გარდაცვალების ფაქტს ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.

„ხატია თედიაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში შვილის, ნიკოლოზ კეთილაძის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებით. სააგენტოს უფროსის 2014 წლის 16 მაისის N02-271/მ ბრძანების შესაბამისად, მივლინებულ იქნა ზემოაღნიშნულ კლინიკაში სააგენტოს კომისია. საკითხის შესწავლის დასრულებისთანავე მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაცია გადაიგზავნება სარეცენზიოდ შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტებთან. ადგილზე შესწავლისა და ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე გადაწყდება სამედიცინო პერსონალის, ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. შესწავლის შედეგებს განიხილავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო“ – აღნიშნულია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს განცხადებაში.



Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s