,,ქართული ოცნებიდან” წარდგენილი გორის მერობის კანდიდატის კომპანიები


ზურაბ-ჯირკველიშვილი

ზურაბ ჯირკველიშვილი 2014 წლის 27 აპრილს გორის მერობის კანდიდატად საქართველოს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა.კომპანიის, ,,ტიტალ საქართველოს” მფლობელი და დირექტორი ზურაბ ჯირკველიშვილი 2011-2014 წლებში სახელმწიფო ორგანოების და მათი უწყებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას იღებს.აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს.

გამოცხადებული 10 ტენდერიდან ჯირკველიშვილის კომპანიამ, მხოლოდ, ორჯერ მოიგო. ამ ორი ტენდერის მთლიანი შემოსავალი 398 998 ლარს აღწევს.

გარდა ,,ტიტალ საქართველოსი”, ზურაბ ჯირკველიშვილი შპს ,,ქართული სუვენირების” (იურიდიული მისამართი, გორი, ჭავჭავაძის 103 ა) მფლობელი და დირექტორია, ასევე შპს ,,ელიტა გორის” ხელმძღვანელად და მისი 20%-ის მფლობელად ჩანს. ,,ელიტა გორის” დანარჩენი 80%-ი შპს ,,ალაფი აგროს” საკუთრებაა. გარკვეულ პერიოდში ზურაბ ჯირკველიშვილი ,,ალაფი აგროს” დირექტორიც იყო მისი დამფუძნებლების სურვილით.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ,,ალაფი აგროს” სერიოზული პრობლემები სააღსრულებლო ბიუროსთან ჰქონდა, რადგან ბიურომ ,,ალაფი აგროს” კასპის რაიონის სოფელ თელიანში დაახლოებით 80 000 კვ.მ მიწის ფართის გაყიდვა აუკრძალა.

2012 წლის ივნისში ზურაბ ჯირკველიშვილი კომპანია ,,გვრიტა აგო”-შიც ჩანს. მისმა დამფუძნებლებმა ჯირკველიშვილი საწარმოს დირექტორად დანიშნეს. ამ კომპანიას დოკუმენტებში მითითებული აქვს, რომ იგი ფქვილის წარმოებითაა დაკავებული.

კომპანიის 32% წილის მფლობელი იმ პერიოდში მირიან ოქროშიაშვილი იყო. (პ.ს. მირიან ოქროშიაშვილი, ამავე დროს, გორის იმ წისქვილკომბინატის ,,ფორტეს” დირექტორიც იყო, რომელსაც სახელმწიფო, ირაკლი ოქრუაშვილის შს მინისტრობის და გენპროკურორობის პერიოდში, ართმევდა. მირიან ოქროშიაშვილმა ,,ფორტეს” აქციების 95% სერგი კაკალაშვილის კომპანიაზე, ,,ლემისეზე” გააფორმა. ის იძულებული იყო, რომ ოქრუაშვილისგან თავის დასახსნელად წილების გადაფორმება მომხდარიყო. მოგვიანებით, 2012 წელს ,,ლემისე კომპანი” აზერბაიჯანულ კომპანიას ,,კარმენს” მიჰყიდეს. ამჟამად, მირიან ოქროშიაშვილი ცდილობს, რომ პროკურატურამ წილების იძულებით გაფორმების ფაქტი შეისწავლოს და წისქვილკომბინატი ,,ფორტეს” დაუბრუნოს.)

ზურაბ ჯირკველიშვილი შპს ,,გვრიტა აგო”-ს დირექტორად 2012 წლის 7 აგვისტომდე დარჩა.

,ტიტალ საქართველო”

სატენდერო მონაცემების ანალიზის მიხედვით, კომპანია ,,ტიტალ საქართველოს”, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობისას, 5 მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. წაგებულ მსხვილ ტენდერებში ,,ტიტალ საქართველოს” მთავარი კონკურენტები კომპანიები: ,,თეგეტა ტრაქ ენდ ბას” და ,,იბერია ავტო ლენდი” იყო. 2011 წელს ზურაბ ჯირკველიშვილმა ბათუმის მერიის წინააღმდეგ დავა შესყიდვების სააგენტოში აწარმოა. მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს და გამარჯვებულ კომპანიას დოკუმენტაციის არასწორად შედგენისთვის დისკვალიფიკაცია მისცეს. მიუხედავად ამისა, ჯირკველიშვილმა ბათუმის მერიის ტენდერებში წარმატებას შემდგომში მაინც ვერ მიაღწია.

რაც შეეხება გამარჯვებულ ორ ტენდერს, ,,ტიტალ საქართველოს” მომსახურება თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და საქართველოს საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციის მართვის სააგენტომ მიიღო. ამ უკანასკნელს ზურაბ ჯირკველიშვილის კომპანიამ სახანძრო სამშველო ავტომობილი (150 000 ლარის ღირებულების) მიაწოდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ კი მისგან 49 500 ლარის ღირებულების სალიანდაგო ზედნაშენი შეიძინა. უფრო კონკრეტულად:

,,ტიტალ საქართველო” სატენდერო სივრცეში პირველად 2011 წლის აგვისტოში გამოჩნდა. 2011 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულებით ზემოთ ნახსენები სამაშველო მანქანა თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მიაწოდა. ამ ტენდეტში ზურაბ ჯირკველიშვილის კომპანიას კონკურენტად შპს ,,ჯითიგრუპი” ჰყავდა

ამის შემდეგ, 2011 წლის 16 სექტემბერს ბათუმის მერიამ ამავე ტიპის, სამაშველო საავტომობილო მანქანის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, სადაც ,,ტიტალ საქართველომ” ვერ გაიმარჯვა. 409 ათას ლარიანი ტენდერი კომპანია ,,თეგეტა თრაქ ენდ ბას”-მა მოიგო. ტენდერი ერთ ცალ თითქმის ნახევარმილიონიან მანქანას ეხებოდა.

2011 წლის ოქტომბერს ბათუმის მერიამ წყლის ცისტერნიანი სახანძრო სატრანსპორტო საშუალების შესაძენად 235 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ,,ტიტალ საქართველომ” აქაც წააგო. ზურაბ ჯირკველიშვილმა სარჩელი დავების განხილვის საბჭოში შეიტანა და ტენდერი ჩაიშალა. გამარჯვებულ კომპანიასთან, ,,თეგეტა თრაქ ენდ ბას”-სთან დასადებად გამზადებული ხელშეკრულება მოიშალა.

ბათუმის მერიამ იგივე ტენდერი (წყლის ცისტერნიანი სატრანსპორტო საშუალების შეძენის შესახებ) 2012 წლის მაისში გამოაცხადა. მესამე რაუნდში ჯირკველიშვილმა ავტომობილის მისაწოდებლად 396 000 ლარი დაასახელა, ხოლო მისმა კონკურენტმა ,,თეგეტა თრაქ ენდ ბას”-მა 395 999 ლარი მიუთითა. ერთ ლარიან სხვაობის გამო ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა.

2012 წლის 22 ივლისს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სალიანდაგო ზედნაშენის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. აქ ერთადერთი პრეტენდენტი ,,ტიტალ საქართველო” იყო. ზურაბ ჯირკველიშვილის კომპანიის მიერ შეთავაზებული ფასი 49 500 ლარი მისაღები აღმოჩნდა. ხელშეკრულება 2012 წლის 4 სექტემბერს გაფორმდა.

2013 წლის 12 მარტს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი ცეცხლმაქრების შესაძენად. ოთხ კომპანიას შორის ბრძოლაში ,,ტიტალ საქართველო” დამარცხდა. საწყის ფასად 133 ათასი ლარი იყო დასახელებული. კონკურსში, სადაც ბოლო ფასი 94 ათასი ლარი აჩვენეს, ზურაბ ჯირკველიშვილი პირველივე რაუნდში გამოეთიშა. ჯირკველიშვილმა პირველ რაუნდში 122 360 ლარი დაასახელა. დანარჩენ სამ კომპანიის მიერ შეთავაზებულ ფასებს შორის ეს ფასი ყველაზე მაღალი აღმოჩნდა.

2013 წლის 16 დეკემბერს შპს ,,ბათუმის წყალმა” წყლის ტუმბების შესაძენად 140 700 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. კონკურსში 13 კომპანია იღებდა მონაწილეობას. ,,გაცხოველებულ რაუნდებში” შეთავაზების ფასი 140 700 ლარიდან 45 600 ლარამდე დავიდა. გამარჯვებულად ,,გაზენერგოკომპლექსი” გამოცხადდა.

,,ტიტალ საქართველო” 2014 წელშიც ჩანს. 11 მარტს მონაწილეობა მიიღო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ 12 400 ლარიან ტენდერში, რომელიც ელექტროგარდამქმნელების შეძენას ეხებოდა. ,,ტიტალ საქართველომ” ვერ გაიმარჯვა. გამარჯვებულმა კომპანიამ სამ რაუნდში მისაწოდებელი ფასი 12 400 ლარიდან 3 690 ლარამდე დააგდო.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s