სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების წესი


 Image

 მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების წესი აყალიბებს ზოგად პრინციპებს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებებისათვის განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

2. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპეტიზის მიზანია გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში.

3. ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი დგინდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად და საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების მიხედვით. აღნიშნული სტანდარტები განსაზღვრავენ ჩატარებული სამუშაოს მოცულობას. დაავადების დიაგნოზის ფორმულირება ხდება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით (ავადმყოფობათა საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით).

    მუხლი 2. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების და დანიშვნის საფუძვლები

1. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი გარემოებანი:

ა) წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვის ან სასჯელის მოხდის დროს გამოვლინდა მონაცემები, რომ საეჭვოა პირის შერაცხადობა (შეზღუდული შერაცხადობა) მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ან შემდგომში ხომ არ განუვითარდა მას ფსიქიკური აშლილობა, რომელიც უკარგავს მას უნარს ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას;

ბ) პროცესში (გამომძიებელი, მოსამართლე, ადვოკატი, ეჭვმიტანილი და ა,შ) მონაწილე მხარე ნიშნავს სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად.

2. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა შესაძლებელია დაინიშნოს როგორც გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ისე სასამართლო განხილვის დროს და სასჯელის მოხდის პერიოდში, რათა დადგინდეს:

ა) გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური მდგომარეობა დანაშაულის ჩადენის მომენტში;

ბ) გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური მდგომარეობა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სასამართლო განხილვის დასრულებამდე;

გ) გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური მდგომარეობა სასჯელის მოხდის დროს;

დ) პირის ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევა ქმედუნარიანობის დადგენის მიზნით;

ე) სხვა საკითხები, რომლებიც შედის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის კომპეტენციაში.

    მუხლი 3. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ამოცანები:

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ამოცანაა:

ა) გაარკვიოს, შეეძლო თუ არა პირს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა, ანდა ეხელმძღვანელა მისთვის;

ბ) გაარკვიოს, შეეძლო თუ არა პირს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გა­ეც­ნო­ბიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ან/და ეხელმძღვანელა მისთვის;

გ) გაარკვიოს, შეუძლია თუ არა პირს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო სწორი ჩვე­ნების მიცემა, საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედებაში მონაწილეობა;

დ) გაარკვიოს მსჯავრდებულთა ფსიქიკური მდგომარეობა, რათა განისაზღვროს, მოიხადოს თუ არა მსჯავრდებულმა სასჯელი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;

ე) გაარკვიოს, საჭიროებს თუ არა პირი ფსიქიატრიულ დახმარებას და თუ საჭიროებს – როგორი სახით;

ვ) გაარკვიოს, გააჩნია თუ არა მოწმეს უნარი სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მისცეს ჩვენება;

ზ) გაარკვიოს, გააჩნია თუ არა დაზარალებულს უნარი სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს ფაქტები;

თ) გაარკვიოს, შეუძლია თუ არა მოსარჩელეს ან მოპასუხეს შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოქმედებაში;

 ი) გაარკვიოს, შეეძლო თუ არა პირს სამოქალაქო გარიგების (ხელშეკრულები, ანდერძი, ყიდვა-გაყიდვა, ჩუქება, ქორწინება) დადების დროს შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან ეხელმძღვანელა მისთვის;

კ) გადაწყვიტოს სხვა საკითხები, რისთვისაც საჭიროა სპეციალური საექსპერტო ცოდნა.

    მუხლი 4. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ფორმები

1. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ფორმებია:

ა) დამატებითი ექსპერტიზა;

ბ) განმეორებითი ექსპერტიზა;

გ) საკომისიო ექსპერტიზა;

დ)კომპლექსური ექსპერტიზა;

ე) ალტერნატიული ექსპერტიზა.

 2. დამატებით ექსპერტიზა ტარდება, როდესაც საექსპერტო დასკვნა არ არის სრული. დამატებით ექსპერტიზის ჩატარება შეიძლება დაევალოს იმავე ექსპერტს(ექსპერტებს) ან სხვა ექსპერტს(ექსპერტებს) ჩატარებული გამოკვლევის ან დასკვნის შესავსებად.

3. განმეორებითი ექსპერტიზა ტარდება მაშინ, როცა საექსპერტო დასკვნა დაუსაბუთებლია, მისი სისწორე საეჭვოა ან არასარწმუნოა მტკიცებულება, რომელსაც იგი ემყარება, ანდა მოხდა ექსპერტიზის ჩატარების წესის არსებითი დარღვევა. განმეორებითი ექსპერტიზა ევალება სხვა ექსპერტს(ექსპერტებს). განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში უნდა აღინიშნოს მოტივი, რატომ არის საეჭვო წინა ექსპერტიზის დასკვნა. წინა ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი(ექსპერტები) შეიძლება დაესწროს განმეორებით ექსპერტიზას და მისცეს განმარტება, მაგრამ გამოკვლევასა და დასკვნის შედგენაში ის არ მონაწილეობს.

4. საკომისიო ექსპერტიზა (რთული ექსპერტიზა) შეიძლება ჩაატარონ ერთი სპეციალობის მქონე ექსპერტთა კომისიებმა. მხარეთა მოთხოვნით, საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ მათ მიერ მოწვეული ექსპერტები. ისინი თათბირობენ და, თუ საერთო აზრს გამოიტანენ, ხელს აწერენ დასკვნას. ექსპერტთა შორის უთანხმოების შემთხვევაში თითოეული იძლევა ცალკე დასკვნას უთანხმოების გამომწვევ ყველა ან ზოგიერთ საკითხზე. გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნა საკომისიო ექსპერტიზის ჩასატარებლად სავალდებულოა შეასრულოს ექსპერტიზის ჩამტარებელმა დაწესებულებამ. თუ ექსპერტიზა დაევალა ექსპერტიზის ჩამტარებელ დაწესებულებას, მის ხელმძღვანელს უფლება აქვს ორგანიზაცია გაუწიოს საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებას.

5. კომპლექსური ექსპერტია ინიშნება, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ცოდნის ერთი ან სხვადასხვა დარგისა თუ სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის ფარგლებში რამდენიმე გამოკვლევის ჩატარებით.

6. კომპლექსური ექსპერტიზის მონაწილე ექსპერტები თავიანთი მეცნიერული კომპეტენციის ფარგლებში აყალიბებენ დასკვნებს იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა დასადგენადაც დაინიშნა ექსპერტიზა.

7. კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილე ყველა სპეციალისტს აქვს ექსპერტის სტატუსი. თითოეული მათგანი გამოკვლევას ატარებს დამოუკიდებლად, აკისრია პასუხისმგებლობა მის გამო და იძლევა დასკვნას მხოლოდ თავისი სამეცნიერო კომპეტენციის ფარგლებში. ექსპერტს უფლება არა აქვს ხელი მოაწეროს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც სცილდება მისი მეცნიერული კომპეტენციის ფარგლებს.

8. თუ ექსპერტიზა დავალებული აქვს ექსპერტიზის ჩამტარებელ დაწესებულებას, კომპლექსური გამოკვლევის ორგანიზაცია ეკისრება მის ხელმძღვანელს.

9. მხარეს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითა და თავის ხარჯზე ჩაატაროს ექსპერტიზა იმ გარემოების დასადგენად, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია ხელი შეუწყოს მისივე ინტერესების დაცვას (ალტერნატიული ექსპერტიზა). ექსპერტიზის ჩამტარებელი დაწესებულება ვალდებულია ჩაატაროს მხარის მიერ დანიშნული და ანაზღაურებული ექსპერტიზა.

    მუხლი 5. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის სახეები

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის სახეებია:

ა) ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა;

ბ) სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა;

გ) დაუსწრებელი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა;

დ) სიკვდილისშემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

    მუხლი 6. ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა

1. ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების უფლება აქვს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის დაწესებულებებს.

2. ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, როგორც წესი, ტარდება ერთჯერადი ამბულატორიული გამოკვლევით.

3. ექსპერტიზის ჩატარებისათვის ყველა საჭირო არსებული დოკუმენტაცია (ბრძანება, განჩინება, დადგენილება და სხვა) ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს ექსპერტიზის ჩამტარებელ დაწესებულებაში ექსპერტიზის ჩატარებამდე 2 სამუშაო დღით ადრე.

4. ჩატარებული საექსპერტო კვლევის შედეგები უნდა გაფორმდეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის სახით.

    მუხლი 7. სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა

1. სტაციონარული სამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების უფლება აქვთ:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შესაბამის ლიცენზირებულ დაწესებულებას;

ბ) სახელმწიფო სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებას.

2. გამოსაკვლევი პირის სტაციონარში მოთავსება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. დაუშვებელია ექსპერტიზის ჩამტარებელ დაწესებულებაში ბრალდებულის ან განსასჯელის მოთავსება, თუ ეს დაწესებულება მოუწყობელია დაპატიმრებულთა მოსათავსებლად.

4. ექსპერტიზის დაწყების ვადად ითვლება გამოსაკვლევი პირის სტაციონარში მოთავსების დრო.

5. პირის სტაციონარული საექსპერტო გამოკვლევის ვადა და მისი გაგრძელება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

    მუხლი 8. სიკვდილისშემდგომი და დაუსწრებელი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა

1. დაუსწრებელი და სიკვდილისშემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა წარმოებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანოს (მხარის) მიერ წარმოდგენილი საქმის მასალების და სამედიცინო ან სხვა დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე.

2. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა წარმოებს გამოსაკვლევი პირის დაუსწრებლად იმ შემთხვევაში, თუ დასწრებულად პირის სასამართლო-ფსიქიატრიული გამოკვლევა შეუძლებელია, რაც ასახული უნდა იქნეს შესაბამის დადგენილებაში (განჩინებაში) ან განცხადებაში (შუამდგომლობაში).

3. სიკვდილისშემდგომი ექსპერტიზა ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის ან სამოქალაქო საქმის წარმოების პროცესში საჭიროა საექსპერტო დასკვნა ან გარდაცვლილი პირის მიმართ წარსულში მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.

    მუხლი 9. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულების) ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები

1. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო პირობების შექმნა და სამედიცინო სტანდარტების დაცვა;

ბ) განსაზღვროს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დამთავრების ვადა;

გ) უზრუნველყოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების დროს კონფიდენციალობის დაცვა;

დ) უზრუნველყოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების დროს საჭიროების შემთხვევაში სტანდარტზედა გამოკვლევებისა და კონსულტაციების ჩატარება;

ე) უზრუნველყოს დაწესებულებაში არსებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვა.

2. დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია:

ა) დააყენოს საკითხი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ვადის გაგრძელების თაობაზე;

ბ) უარი თქვას ექსპერტიზის ჩატარებაზე და დასკვნის მიცემაზე, როდესაც წარმოდგენილი მასალები არასაკმარისია;

გ) დააყენოს საკითხი აუცილებელი, დამატებითი ინფორმაციის მიღების თაობაზე.

    მუხლი 10. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტის (შემდგომში – ექსპერტის) უფლება-მოვალეობანი

1. ექსპერტი-ფსიქიატრი შეიძლება იყოს:

ა) ექიმ-ფსიქიატრი, რომელიც მუშაობს ექსპერტიზის ჩამტარებელ დაწესებულებაში;

ბ) ექიმ-ფსიქიატრი, რომელიც აწარმოებს კონკრეტულ სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანოს (მხარის) პერსონალური დავალებით.

2. ექსპერტი ვალდებულია:

ა) ჩაატაროს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა დამტკიცებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად;

ბ) მისცეს ჩვენება ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიებისა ან სასამართლო განხილვის დროს;

გ) უზრუნველყოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების დროს კონფიდენციალურობის დაცვა;

დ) მისცეს დასაბუთებული და ობიექტური წერილობითი დასკვნა დასმულ საკითხებზე;

ე) გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით;

ვ) კანონით დადგენილი წესით დაიცვას და დააბრუნოს კვლევის ობიექტები;

ზ) პროცესის მწარმოებელი ორგანოს ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები და ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა;

თ) განაცხადოს თვითაცილება, თუ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლში მითითებული საფუძველი;

3. ექსპერტი უფლებამოსილია:

ა) დააყენოს საკითხი დაწესებულების ხელმძღვანელობის წინაშე დამატებითი ინფორმაციის მიღების აუცილებლობის თაობაზე;

ბ) დააყენოს საკითხი დაწესებულების ხელმძღვანელობის წინაშე სტანდარტზედა გამოკვლევების ან კონსულტაციების ჩატარების აუცილებლობის შესახებ;

გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე და ექსპერტიზის შემდგომ გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს, ან თუ მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად;

დ) გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, რომელიც მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას ეხება და მოითხოვოს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

ე) გააკეთოს განცხადება მისი დასკვნის არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ;

ვ) გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს (მოსამართლის) ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და დასაკითხ პირებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ექსპერტიზის საგანს განეკუთვნება;

ზ) სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ მტკიცებულებათა კვლევაში და სასამართლოს ნებართვით შეკითხვები დაუსვას დასაკითხ პირებს;

თ) ჩამოაყალიბოს დასკვნა არა მარტო დასმულ საკითხებზე, არამედ ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზედაც, რომელთა გამოც მისთვის არ დაუსვამთ კითხვები;

ი) შეადგინოს დასკვნა და მისცეს ჩვენება მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;

კ) გამომძიებლის მოქმედებები და დადგენილებები გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო პროკურორის მოქმედება – ზემდგომ პროკურორთან;

4. ყალბი დასკვნისათვის ექსპერტი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 11. არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა

1. თუ წამოიჭრა საკითხი, შეენიშნება თუ არა არასრულწლოვანს განვითარების ანომალია ან ფსიქიკური დაავადება და აქვს თუ არა უნარი მთლიანად ან ნაწილობრივ უწევდეს ანგარიშს თავის მოქმედებას და განაგებდეს მას, ინიშნება ფსიქოლოგიური ან კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

2. არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ტექნიკური და ორგანიზაციული თვალსაზრისით ტარდება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების საერთო ნორმების მიხედვით.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s